"თავის დროზე გიასთან ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენი" - თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ - არქივი

არქივიდან 24 Sep 2022 22:05

ქალურ თემებზე სასაუბროდ ამჯერად, თამრიკო ჭოხონელიძეს ვესტუმრეთ, რომელიც ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ქალბატონი თამრიკო გულახდილად გვესაუბრა ყველა იმ საკითხზე, რაც ჩვენი აზრით, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად საინტერესოა...


- გახსოვთ პირველი ქათინაური, რომელმაც საკუთარი მომხიბვლელობა გაგაცნობიერებინათ?

- "მზიურელები" ქათინაურებს ბავშვობიდან მიჩვეულები ვართ - სულ გვეფერებოდნენ, მაგრამ მახსოვს, მე-9 კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ერთხელ უფროსი ასაკის კაცი მომიახლოვდა და მკითხა: არ გეუბნებიან, რომ ლამაზი თვალები გაქვსო? ვუპასუხე: არა-მეთქი. - ძალიან ცუდიო, - მითხრა, - მე მინდა, ეს იცოდეო. არადა, ბავშვობაში ცოტათი უფრო "გამირბოდა" თვალი და სულ ამის პრობლემა მქონდა. მერე თვალის ერთ-ერთმა სპეციალისტმა დამამშვიდა: - დიდი გოგო რომ გაიზრდები და ტოლსტოის ნაწარმოებს წაიკითხავ, ნახავ, რომ იქ ავტორს უწერია - ყველა ლამაზი თვალი ცოტათი სიელმისკენ "მიდისო". ჩემთვის ეს დამამშვიდებელი იყო (იღიმის).

- თქვენ შესახებ ყველაზე უცნაური ჭორი რა გაგიგონიათ? - ერთადერთი, რაზეც ტალახი ვერ მომცხეს, ეს ჩემი ყოფაქცევაა. როგორც ჩანს, ვერ გაბედეს და რაღაცნაირად, ბინძურ ჭორებს ავცდი. საერთოდ, როცა ასეთი ჭორის საბურველში ქალს გახვევენ, სხვის ნაცვლადაც განვიცდი. ამის ატანა რთულია. ქალების იმ კატეგორიის მშურს, რომელსაც ამ ყველაფრის იოლად "გატარება" შეუძლია...



თამრიკო ჭოხონელიძე



ყველაზე უცნაურ ჭორს რაც შეეხება, ბავშვობაში, როდესაც დედაჩემს კონცერტზე ვყავდი წაყვანილი, რაიონიდან ჩემს ოჯახთან მისასამძიმრებლად ჩამოვიდნენ - თურმე, "წუთისოფელს გამოვესალმე". შემდეგ, მეზობლებთან ერთად ბედნიერებისგან ტიროდნენ, რადგან გაირკვა, რომ ჭორი იყო. მერე მეუბნებოდნენ, დიდხანს იცოცხლებ, რადგან ასეთი ჭორი გავრცელდაო (იცინის). ჩემ შესახებ რაც უნდა მოიგონონ, ჭორი ვერაფერს დამაკლებს, რადგან ხალხი მიცნობს.

- თქვენც და თქვენი ყოფილი მეუღლეც ცნობილი ადამიანები ხართ. თქვენი პირადი ცხოვრების მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა დისკომფორტს ხომ არ გიქმნით?

- ალბათ, მეც და გიაც ხალხს ძალიან ვყვარებივართ, რადგან დაახლოებით 20 წელიწადია, მათი ინტერესის არეალიდან არ გამოვსულვართ. ძალიან ბევრს კეთილი განზრახვა აქვს, რაც მსიამოვნებს და დიდ მადლობას ვუხდი მათ. უბრალოდ, უკვე ბევრი რამ გადავიტანე. ეს ყველაფერი ძნელი იყო.


წყარო: კვირის პალიტრა




კომენტარები:

ფართი შოპი